რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი აცხადებს, რომ 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობის მომენტში ის ავტომანქანაში იჯდა და ყველაფერი დაინახა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა.
„ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და კომენტარს მოგცემთ. ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად“, – განაცხადა ოკუპანტების უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა „ფორმულასთან“.
მოგვიანებით, ლევან დოთიაშვილმა მედიასთან მომხდარის შესახებ ვრცლად ისაუბრა:
„დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა იყო. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში, არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვდევდა, ბევრი გაისროლა. თავად ვნახე ნატყვიარები [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა „დამჭრაო“, „მოგარტყა დიმიტრიჩ-მეთქი“ და კიო, მერე „ვსო“…
გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე ტყის მიმართულებით წამიყვანეს. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის შემდეგ ამოვიდა. თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს. ჩვენ უკან პირდაპირ სროლით მოდიოდა, სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა, ხომ?
გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი კონკრეტული ადამიანი მირტყამდა.
ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე“,- თქვა ლევან დოთიაშვილმა.
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ