რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მან უწყებაში შესვლამდე მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მანქანა არ ჩერდება მის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის გასაჩერებლადაა მიმართული.
საუბარია 16 მილიონზე მეტი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებენ - რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენებს?
“იანვარშიც იყო მსგავსი შემოტევა, რომელმაც სერიოზული ზიანი მოგყვანა. როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტს. 6 თვე დასჭირდა ინვესტორების შემოტრიალებას. გუშინ სამშენებლო კომპანია ავირჩიეთ, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. დღეს ვიგებთ ამ განცხადებას ისევ ტელევიზიით, მსოფლიოს გასაგონად, ისევ იმიტომ რომ ზიანი მიაყენონ არა მამუკა ხაზარაძეს, არამედ საქართველოს ინტერესებს და ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ეს მამუკა ხაზარაძის პროექტი ჰგონია, ძალიან ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი, საქართველოს ახალი გზა. ეს არის ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებს ხაზარაძე.
ბიზნესმენი ამბობს, რომ პროკურატურაში იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ.
“არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, იმიტომ რომ ვართ მართლები როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე დღეს. დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი თავისუფალი და ევროპული ორიენტაციის”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის დაკავებას, ხაზარაძე პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.
“მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს, ამ ქალაქში გავიზარდე, ძალიან ბევრი რამ მინახავს, ჩვენ გულის ფანცქალი არ დაგვეწყება. მე გუშინ ჩამოვედი, ჩემი შვილიშვილი დაიბადა ალექსანდრე და ეს სიურპიზი დამხვდა. გამოძიებას ამ ტრანზაქციაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. რამდენიმე იურიდიულმა და აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. რაც დღეს თქვეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შსს-ს ხელში ვართ”, – აღნიშნა ხაზარაძემ.