გუშინ რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი თბილისის ექსპერტიზის ბიუროდან მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.
სამართალდამცველებმა სოფელში შესვლის საშუალება მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ მისცეს. უსაფრთხოების გამო სოფლის ყველა შესასვლელში პოლიციაა მობილიზებული.
ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ სოფელ კირბალის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა:
„შიშის ქვეშ ვართ, სულ ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს. ჩემი ორ-ორი ბიჭიც გატაცებული ჰყავდათ, ტყეში ვერ შევდივართ“, – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივმა.
მათივე თქმით, ხალხი შეშინებულია. კირბალი არის სოფელი, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ქართული ტაძრის კარი აჭედეს.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.