LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სერია მთავრდება: დღეს საქართველომ ისტორია უნდა შეცვალოს

101

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე შეხვედრას ითამაშებს. მეტოქე ჩვენი გუნდისთვის უხერხული ირლანდიაა, რომელიც აქამდე ყველა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებული გამოდიოდა.

საქართველოს ნაკრებმა, მატჩამდე 24 საათით ადრე შეხვედრის მასპინძელ „ავივას“ სტადიონზე ივარჯიშა. დუბლინის მთავარ სპორტულ არენაზე მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. უკვე ცნობილია ის შემადგენლობა,რომელიც ირლანდიასთან ოფიციალურ განაცხადში იქნება. ნაკრებს წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმების გამო უჩა ლობჟანიძე და დავით ხოჭოლავა გამოაკლდნენ. ამ ეტაპზე ორივე ფეხბურთელი გუნდთან რჩება და ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები უელსთან შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს, მედიის წარმომადგენლები ტრადიციულად მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში ესწრებოდნენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ოფიციალურ პრესკონფერნეციაზე ვლადიმირ ვაისი გურამ კაშიასთან ერთად წარდგა.

“ჩვენ თითო ნაბიჯით მივდივართ წინ და მომავალზე ვაკეთებთ აქცენტს. როდესაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, მე მის ბევრ თამაშს ვუყურე. გუნდს ხშირად არ უმართლებდა. მას ჰყავდა ბევრი ნიჭიერი და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი, თუმცა ტაქტიკური თამაშისა და ფიზიკური მომზადების მხრივ იყო შეცდომები. ჩემი დავალებაა, ნელ-ნელა ავაწყო კარგი გუნდი, რომელიც დადებით შედეგებს მიაღწევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს გამოგვივა.

– გუნდს არ უმართლებდა ბევრ მეტოქესთან, არა მხოლოდ ირლანდიასთან. ცხადია, რომ კონკრეტულად ირლანდიასთანაც საქართველოს ბევრჯერ არ გაუმართლა, და ჩვენი მიზანია, ისტორია შევცვალოთ. გარკვეულ მომენტში ყველა სერია მთავრდება, და ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახლა შევძლებთ დადებითი შედეგის მიღწევას.

– ყველა თამაში 0:0-ით იწყება და ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოგვივა. ხუთი წლის წინ სლოვაკეთის ნაკრებს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა, როდესაც ჩვენ ამ ჩინებულ სტადიონზე, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაყურებლის წინაშე 0:0 ვითამაშეთ, და განმეორებით შეხვედრაშიც ფრეს მივაღწიეთ. როგორც ჩვენ, ისევე ირლანდიას ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. ამასთანავე, ირლანდიის ნაკრებმა ახალი გამოცდილება დააგროვა გასულ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში, სადაც მან ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ ვიცით დაცვაში და თავდასხმაში მათი შესაძლებლობების შესახებ. ვფიქრობ, რომ ჩვენც შეგვიძლია, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, გოლები გავიტანოთ, და მოვიგოთ კიდეც.

– ავსტრიასთან პირველი ტაიმი საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ. დავუშვით ორი უხეში შეცდომა, მათ შორის ერთხელ – სტანდარტული სიტუაციიდან, რომელიც ხვალინდელ თამაშშიც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, გავიტანეთ ულამაზესი გოლი, გვქონდა სამი კარგი შანსი. მომენტებში არ გაგვიმართლა და საბოლოო ჯამში, ერთი გოლი არ აღმოჩნდა საკმარისი.

ბოლო 4 შეხვედრა მოგვიწია, გვეთამაშა ჯაბა კანკავას გარეშე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ვარჯიშის დროს ასევე ტრავმა მიიღო უჩა ლობჟანიძემ”. – ვლადიმირ ვაისი

„ვიცით,რომ ირლანდიის ნაკრები ძლიერია სტანდარტულებიდან, ჩვენც უნდა ვიყოთ ასეთ მომენტებში ძლიერები. თუ მოვიგებთ ორთაბრძოლებს გვექნება შანსი,რომ გოლი გავიტანოთ. ძლიერი ფიზიკური თამაში იქნება. არ უნდა დავუთმოთ არაფერი მეტოქეს, წინა ხაზში ტექნიკურად ისეთი ფეხბურთელები გვყავს,რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალურად მომენტის შექმნა და გოლის გატანა. დაცვაში უნდა გავართვათ თავი დავალებას, მოვიგოთ ორთაბრძოლები და შემდეგ შეგვეძლება, რომ სამი ქულა ავიღოთ“, – გურამ კაშია

ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, დუბლინის „ავივას“ სტადიონხე, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები