პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოიყენონ და რუსეთი აიძულონ, საერთაშორისო სამართლის ნორმები შეასრულოს.
ამის შესახებ დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ხვდება
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
დუდას განმარტებით, ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ტრაგედიაა და ეს ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევაა:
“ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.
იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოდან, რომ ნახონ როგორია რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს ხმარობს ის თავის პოლიტიკაში. ეს არის დატოვებული სახლები, ეს არის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიცით, რომ ახლა საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა, ოჯახის წევრებთანაც კი. მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, სამხედრო ერთეულები. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა, რომელიც გულისხმობს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან.” – თქვა დუდამ.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, გუშინ სოფელ ოძისთან, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთები მოინახულა.
დღეს კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.