როცა გარშემო უამრავი მრჩეველია, ერთი ჩვეულებრივი დღე შეიძლება „საოცარ“ თავგადასავლად გექცეს. გარშემომყოფებს, ნაცნობებსა და უცნობებს – რჩევის მოცემა ყველას უყვარს, თუკი დახმარება დაგჭირდათ და განსაკუთრებით, თუ საკითხი ჯანმრთელობას ეხება. როგორც იტყვიან, „ერთი თუ დააცემინე“, მაშინვე გამოჩნდებიან კეთილისმსურველები და ვინ იცის, შესაძლოა, იუმორნარევი ვიდეორგოლის პერსონაჟებს შორის, საკუთარი თავიც ამოიცნოთ. „ყველა მრჩეველი ექიმი არ არის, ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს“ – ამ გზავნილით თოდუას კლინიკამ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც იმ ყოველდღიურობას გვიჩვენებს, არაერთხელ თავადაც რომ შევსწრებივართ – თუკი ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა გამოუვლინდა, ყველა ცდილობს მის დახმარებას, იმის მიუხედავად, სიღრმისეულად ერკვევა საკითხში და პირადი გამოცდილების, წინაპრებისგან გადმოცემული პრაქტიკის თუ სხვა ინფორმაციის საფუძველზე აძლევს რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლი ამბავს სახალისოდ გვიყვება, საკითხი სერიოზულია – ჯანმრთელობისთვის ყურადღების დროული მიქცევა უმნიშვნელოვანესია და მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, კამპანიის შესახებ თოდუას კლინიკის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნატალია დარჩიაშვილს მივმართეთ.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორია თქვენი თვალით დანახული პრობლემა, რაც არაპროფესიონალურ მკურნალობას უკავშირდება?
მუდმივად ვადევნებთ თვალს სოციალურ ქსელს და ვხედავთ, რომ ადამიანები სამედიცინო მიმართულების რჩევისთვის ხშირად ეძებენ ინფორმაციას ციფრულ სივრცეში. სხვა ადამიანებიც ძალიან მარტივად აძლევენ დარიგებას დიაგნოზზე, მკურნალობის მეთოდებზე. თითქოს კეთილ რჩევაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ, შედეგად, ვიღებთ თვითნებურ არასწორ მკურნალობას. როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, ამ ქმედებას შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს და ვკარგავთ ძალიან ძვირფას დროს სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
რაც უფრო დროულად მივა ადამიანი ექიმთან, გაიგებს ზუსტ დიაგნოზს და დაიწყებს მკურნალობას, მით უფრო დიდია მალე გამოჯანმრთელების ალბათობა.
ესაა ის მიგნებები რასაც ეფუძნება ჩვენი კამპანია.
M: როგორ შეიმუშავეთ კამპანიის კონცეფცია და მისი მთავარი გზავნილი „ყველა მრჩეველი ექიმი არ არის“?
კამპანიის ფარგლებში მოვიწვიეთ მარკეტერი ნათია გოგია, ფრილანსერ გუნდთან ერთად. ერთობლივად ვიმსჯელეთ, როგორ გადმოგვეცა სათქმელი. მთავარი იდეაა, ავუხსნათ ადამიანებს, რომ ყველა მრჩეველი – Google, ახლობელი თუ უცნობი, თუკი ის არ არის სპეციალისტი, არ არის ექიმი, გასათვალისწინებელი არ არის. არა აქვს მნიშვნელობა ვის როგორი პირადი გამოცდილება ჰქონდა და რა მეთოდით აქვს ნამკურნალევი, თოთოეული ადამიანი უნიკალურია და ჯანმრთელობის მდგომარეობაც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს პროფესიონალების მიერ.
შემუშავდა იდეა და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიდეორგოლით – ავითვისებთ არაერთ საკომუნიკაციო და მედია პლატფორმას, როგორც ციფრულ, ასევე, აუთდორ მედიაში.
M: სიუჟეტურად როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის იდეა?
სიმპტომების აღმოჩენისას, ადამიანები ხშირად მიმართავენ ხოლმე ინტერნეტსივრცეს და Google-ში ან სოციალურ მედიაში ეძებენ პასუხებს, თუმცა ეს მხოლოდ ინტერნეტით არ შემოიფარგლება. რეალურ სიტუაციაშიც, ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან ხშირად ვიღებთ რჩევებს ჯანმრთელობაზე. შემოქმედებითმა ჯგუფმა გვირჩია არ შეგვეზღუდა იდეა. ამიტომ, ეს საკითხი უფრო მეტად განვაზოგადეთ და გადმოვიტანეთ ცოცხალი სიტუაციის სახით, როგორც ეს ვიდეორგოლშია გადმოცემული. მსგავსი სიტუაცია ავტობუსით არ მთავრდება და საოფისე სიტუაციაშიც გრძელდება, რაც უტრირებულად გადმოვეცით კამპანიის სახით – არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება ადამიანი, ნებისმიერ დროს და ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს გარემოებაში.
ვიდეორგოლში ყოველივე ეს იუმორით არის გადმოცემული და საკმაოდ ღრმადგამჯდარ ჩვევაზე საუბრობს. მეორე მხრივ, არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, რომელიც პერსონალიზებული მიდგომით და დეტალური მოკვლევის საფუძველზე ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობაზე, რაც რასაკვირველია ცალკეული „მრჩეველების“ შემთხვევაში ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან მათ ვერც პერსონალიზებული მიდგომა ექნებათ და მათი რჩევაც არ იქნება მტკიცებულებებით გამყარებული.
M: როგორ გაგრძელდება კამპანია?
კამპანიის ფარგლებში, მოვიცავთ ყველა მარკეტინგულ არხს, გარე რეკლამების, ციფრული ბანერების, YouTube თუ ონლაინ მედიაში განთავსებული რეკლამებისა და სიუჟეტების სახით. სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტად გვინდა ამ საკითხში ჩაღრმავება – ავამაღლოთ ცნობიერება ადრეულ დიაგნოსტიკაზე და ადამიანებს დავეხმაროთ, დროულად გამოიკვლიონ ჯანმრთელობა და გაუფრთხილდნენ ძვირფას დროს.
წყარო: marketer.ge
(R)