LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მისი ნაცნობის, თუ მისთვის სრულიად უცნობი ადამიანის პრობლემას იზიარებდა – ლუტეცია ჯგუფი ვახტანგ ფხაკაძეზე

139
dd

„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტან ფხაკაძეს ემშვიდობება. კომპანია ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვახტანგ ფხაკაძის საქმიანობაზე, მის დამოკიდებულებაზე თანამშრომლებისა, თუ რიგითი ადამიანების მიმართ საუბრობს.

„უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს თქვენთვის, ძვირფასო მეგობრებო, უმძიმესის, „ლუტეცია ჯგუფის“ არსებობის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე. „ლუტეციას“ დიდი ოჯახი უკანასკნელ ძალებს ვიკრებთ, რომ თქვენამდე ჩვენი ტკივილი და სათქმელი მოვიტანოთ, რადგან ბატონი ვახტანგ ფხაკაძე არც მხოლოდ დამფუძნებელი იყო ამ დიდი საქმისა, არც მხოლოდ ხელმძღვანელი და არც მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი.

„ლუტეცია“ ჯგუფის დიდი, საინტერესო და წარმატებული ისტორია, უპირველეს ყოვლისა, ის უნიკალური ურთიერთობები იყო, რომელსაც ბატონი ვახო ადამიანებთან ამყარებდა, იქნებოდა ეს ჩვენი გუნდის წევრი, უცხოელი პარტნიორი თუ ნებისმიერი სტუმარი სილამაზის სამყაროში, რომლის შექმნაც ვახტანგ ფხაკაძემ ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში დაიწყო. დაიწყო არაფრისგან, დაიწყო მარტომ, ენთუზიაზმით, უნიკალური ინტუიციითა და გემოვნებით, რომელიც მომავალში სრულიად ახალი ცხოვრების სტილად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ამ ადამიანის განსაკუთრებულობა გამოიხატება თუნდაც იმ უამრავ წერილსა, თუ სატელეფონო ზარში, რომელსაც ჩვენ ამ დღეების მანძილზე ვიღებთ საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

ჩვენთვის, „ლუტეცია ჯგუფში” გაერთიანებული ადამიანებისთვის,  ვახტანგ ფხაკაძე მეგობარი იყო, ნამდვილი მეგობარი, რომლის ყოველი სამუშაო დღე, უპირველეს ყოვლისა,  ჩვენზე ზრუნვით იწყებოდა. და, გვერწმუნეთ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ადამიანური ურთიერთობები და მათზე ზრუნვა – ეს იყო ვახტანგ ფხაკაძის ცხოვრების კრედო. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით აკეთებდა. ყველა მისი ნაცნობის თუ მისთვის სრულიად უცნობი ადამიანის პრობლემას იზიარებდა, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ამაზე არასდროს არავის უნდა ესაუბრა.

განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ ეს წლები მასთან ერთად გავატარეთ და მისგან ვისწავლეთ ბევრი რამ. ამ წერილში ჩვენ მას ვერ დავემშვიდობებით. ამ მოცემულობის გააზრებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ძალიან გვიყვარხართ, ბატონო ვახო და ზუსტად ვიცით, რა მოგეწონებოდათ ამ წამს ყველაზე მეტად – უკანასკნელი ძალების მოკრება და ყველა თქვენ მიერ დაგეგმილი და დაწყებული  საქმის უზადოდ გაგრძელება, ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენთვის, ჩვენი მეგობარი, ვახტანგ ფხაკაძე, გააკეთებდა!”, – წერია განცხადებაში, რომელსაც “ლუტეცია ჯგუფი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე covid-19-ით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები