LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული – დავით ზალკალიანი

85
დავით ზალკალიანი

ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული გალში მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით დაფიქსირდა ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან მივიღეთ. ბუნებრივია, ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა ყველა გარემოება, გადავდგით ნაბიჯები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული ყოფილიყო. საუბარი გვქონდა ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მუდმივ კავშირზე ვართ. ასევე საქართველოს ყველა საელჩომ შესაბამისი ინსტრუქცია მიიღო, რომ აღნიშნული საქმის შესახებ ჩააყენოს საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ყველა დამატებითი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ ზუსტად და დეტალურად იყოს ინფორმირებული.

„მე მექნება კომუნიკაცია თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა აღნიშნული ფაქტის შესახებ ისინიც ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ რეჟიმში შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის სამართალდამცველებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა დადგინდეს ამ აღმაშფოთებელი ფაქტის ყველა ობიექტური გარემოება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ როდის მოხდება ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენება, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები