LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ეს ორგანიზაცია, დაფინანსებული და მხარდაჭერილია სუს-ის მიერ, პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით: დავით ზურაბიშვილი

146
.ზხდვნცმხ,ვნ

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ყველა პრორუსულ-ფაშისტური ორგანიზაცია დაფინანსებული და მხარდაჭერილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით“.

მისივე თქმით, „შეიცვლება ხელისუფლება? დამთავრდება ამ ფაშისტების გრიალი. არ შეიცვლება? სულ იქნება ვიღაც ასეთი, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მიუქსიონ“.

„წესით კი უნდა იცოდეთ ყველამ, მაგრამ მაინც ვიტყვი.

არანაირი ფაშისტური პარტიები და ორგანიზაციები, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში არ არსებობენ.

უფრო სწორად შეიძლება არსებობენ სადღაც ვიღაცეები, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან და არც ფული აქვთ, არც გავლენა და არც ტრიბუნა.

საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ყველა პრორუსულ-ფაშისტური ორგანიზაცია დაფინანსებული და მხარდაჭერილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით.

ეს ასეა მას შემდეგ, რაც კი ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა.

ჯერ იყო ლადო სადღობელაშვილი და მისი “თავისუფალი თაობა”, რომელიც მალე გაიცვითა და ამიტომაც გადააგდეს ნახმარი ხელთათმანივით, ისევე როგორც გიორგი გაბედავას აღარ მახსოვს რა ერქვა ორგანიზაცია და მელორ ვაჩნაძე, მერე გაკეთდა “პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც უფრო წარმატებული პროექტი გამოდგა, თუმცა, ბოლო-ბოლო ესენიც გაცვდნენ. ამიტომ ალიანსის ჩანაცვლების მიზნით შეიქმნა ჯერ ქართული მარში, რომელმაც ვერ გაქაჩა პოლიტიკურ პარტიამდე, მერე ვასაძის “ერი“, რომელიც უფრო პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ ლიდერის ავადმყოფობის გამო ფაქტობრივად დაიშალა.

ამის შემდეგ წამოწიეს ალტ-ინფო, რომელიც ყველა წინამორბედს აჭარბებს პრორუსობაშიც და ფაშისტობაშიც, მაგრამ გონებაჩლუნგობაშიც აშკარა ლიდერია მაგ ფლანგზე, რადგან ვეჭვობ, სერიოზულად ჰგონიათ, რომ ივანიშვილის ფარული შტურმავიკები არიან და მათ გარჯას ბატონი ბიძინა დააფასებს პრემიით და დაწინაურებით. ამიტომ გამორჩეულად ყინჩად და აგრესიულად უჭირავთ თავი, ბევრ სკანდალში ეხვევიან და შეიძლება იმაზე მალე გაიცვითონ და დისკრედიტაცია განიცადონ, ვიდრე ბიძინას აქვს ამის “რასჩოტი”, მერე კი, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩენილები, კარგა ხანს აზრზეც ვერ მოვლენ რა მოხდა.

თუმცა, აქ მთავარი ის კი არაა, რომ ბატონი ბიძინა ადრე თუ გვიან ამ მახარაძე-მარტინენკოებსაც ისევე მოისვრის, როგორც ძველი ფაშისტები მოისროლა, არამედ ის, რომ მთავარი პრობლემა არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების მმართველობა. შეიცვლება ხელისუფლება? დამთავრდება ამ ფაშისტების გრიალი. არ შეიცვლება? სულ იქნება ვიღაც ასეთი, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მიუქსიონ.

P. S. აქ შეიძლება დაისვას სრულიად ლეგიტიმური კითხვა, როცა ხელისუფლებაში იყავი, მაშინ რას მიკეთებდიო და მინდა ვთქვა, რომ დიახ, ჩვენ, ხელისუფლებაში და ოცნების კოალიციაში მყოფმა პროდასავლურმა პარტიებმა თავის დროზე გამოვიჩინეთ დანაშაულის ტოლფასი გულგრილობა ასეთი მართვადი ფაშისტოიდების მიმართ. პირადად მე (დამემოწმებიან ძველი თანაპარტიელები) თითქმის ყოველ პარტიულ შეკრებაზე ვსვამდი ამგვარი ჯგუფების არსებობის დაუშვებლობის საკითხს, თუმცა, ვერც შიგნით მივაღწიე ბევრს ვერაფერს და ვერც გარეთ. ერთი სანდრო ბრეგაძე ძლივს მოვახსნევინეთ მინისტრის მოადგილეობიდან. მიუხედავად ამისა, არანაირად არ მსურს პასუხისმგებლობის მოხსნა, რადგან (კიდევ ერთხელ გავიმეორებ) მიმაჩნია, რომ ჩვენი მაშინდელი უყურადღებობა იყო დანაშაულის ტოლფასი“,- წერს დავით ზურაბიშვილი.