„დინამო არენაზე“ ყველაფერი მზად არის რობი უილიამსის გრანდიოზული კონცერტის გასამასპინძლებლად. დღეს, საღამოს, მაყურებელს საშუალება ექნება, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის ღონისძიებას დაესწროს.
კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ ფმ“-ს ჩაერთო და რობი უილიამსის შესახებ უამრავი დეტალი გაანდო.
კახა კანდელაკი:
როგორც თავიდანვე იყო მოლაპარაკებული, ისე წარიმართა. მისი დაცვის უფროსი აკონტროლებს ყველაფერს და გეგმით მიმდინარეობს, პროფესიონალების დიდი ჯგუფია ჩართული და ყველაფერი თვეების წინ იყო გათვლილი. გუშინ ღამე რეპეტიცია გაიარა, შესაძლოა ითქვას, რომ მთლიანი კონცერტი ჩაატარა. ასეთი გახმოვანების, განათების სისტემა, თავისი ლაზერშოუთი, საქართველოში არასდროს ჩამოსულა. 400 ადამიანამდეა ჩართული ამ პროექტის ორგანიზებაში, აქედან ნახევარზე მეტი ქართველია და ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. რობი უილიამსის პირადმა მენეჯერმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ადამიანია, აღნიშნა, გილოცავთ, ა კლასის კონცერტს ჩავატარებთო. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბევრი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამბავია.
თავად ძალიან ემზადებოდა ამ კონცერტისთვის. ექსკლუზიური კონცერტია, რადგან ევროპაში ტურნე წელს არ აქვს. ერთადერთი კონცერტი საქართველოში იქნება ჩვენი დამოუკიდებებლობის დღის აღსანიშნავად. 50-კაციანი ჯგუფით ჩამოვიდა, აქედან 12 მუსიკოსია. არიან ასევე ვიზაჟისტი, მასაჟისტები, დეკორატორი, რომელმაც მისი გასახდელი ოთახი მოაწყო, ასევე აქვს სატრენაჟორო ოთახიც. „დინამო არენაზე“ რომ მოხვალთ, ვერ იცნობთ.
მამამისი მართლა აქ არის?
მამა სულ დაჰყავს, მეუღლესთან ერთად არის ჩამოსული. ისვენებს მშვენივრად. ჰქონდა საშუალება, რომ დაეთვალიერებინა თბილისი. რობი უილიამსის პიანისტმა ვაკის აუზზე მისვლა გვთხოვა და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. ახლა მოძრაობის თეატრში მისვლით დაინტერესდა და იქაც მივიყვანთ. თავად რობი ისვენებს და ემზადება კონცერტისთვის. მენიუ თავად შეადგინეს, რაშიც, მართალი გითხრათ, არ ვარ ჩახედული.
რაც მთავარია, კონცერტი იქნება ძალიან მრავალფეროვანი. ნებისმიერი გემოვნებისა და წლოვანების ადამიანისთვის დაუვიწყარი შოუ. ფანტასტიკურია როგორც ვიზუალი, ასევე მუსიკალური მხარე.
როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, მომღერალი სპეციალურ დიეტაზეა და არც სასმელს სვამს. ის ნომერში ისვენებს და კომპიუტერული თამაშებითაა დაკავებული.
რაც შეეხება კონცერტს, შეგახსენებთ, რომ კონტრაქტით საათნახევრიანი პროგრამაა გათვალისწინებული და მოიცავს მხოლოდ ჰიტებს. „დინამო არენას“ კარი 5 საათზე გაიღება, გაითვალისწინებთ, რომ არ შეგატანინებენ კამერებსა და ფოტოკამერებს, ასევე შუშის ნივთებს. რობი უილიამსის კონცერტამდე ჩვენ „გრუვსონიქსის“ დაახლოებით ერთსაათიანი გამოსვლა გველის.