LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ყვარლის ედემის” ბრენდით ღვინის კიდევ 2 სახეობა გამოვა

171

სასტუმრო კომპლექსი  ”ყვარლის ედემი” წელს  70-დან 80 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მაღრაძემ განუცხადა,  საკუთარი მოსავლის გარდა, კომპანია ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ჩაიბარებს.

”იმისთვის რომ ჩვენი პროდუქცია იყოს მრავალფეროვანი, ყურძენს კახელი მევენახეებისგან ჩავიბარებთ, დაახლოებით 30 ათას ტონამდე მოსავალს.  საბოლოოდ,  ჯამში წელს ვგეგმავთ 80 ათასამდე ბოთლი ღვინო ვაწარმოოთ. პროდუქციის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია ჩვენს სასტუმროში განხორციელდება, ნაწილი კი პრემიუმ კლასის რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში გაიყიდება”- აღნიშნა მაღრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ყვარლის ედემის” ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე 5 სახეობის ღვინო გამოდის, ესენია: ”საფერავი”, ”რქაწითელი”, ”კაბერნე”, ”ქისი” და ”მწვანე”. ამასთან, კომპანია დამატებით ღვინის 2 ახალი სახეობის წარმოებასაც გეგმავს.

”წელს დიდი რაოდენობით ღვინის წარმოებას არ ვაპირებთ.  ისევ ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებულნი. მომავალი წლისთვის კი გეგმაში 500 ათასი ბოთლი ღვინის დამზადებაა.  ბუნებრივია, ვაპირებთ ექსპორტზე გასვლასაც”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა და აღნიშნა, რომ ღვინის ბრენდი ”ყვარლის ედემი” პრემიუმ კლასისაა და შესაბამისად, ძვირადღირებულ პროდუქციას წარმოადგენს.

როგორც ალექსანდრე მაღრაძემ განმარტა, ”ყვარლის ედემის” ბრენდით ქვეშ ღვინის გაყიდვები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. მაშინ კომპანიამ 10 ათასამდე ბოთლი ღვინო  დაამზადა და მისი რეალიზება საკუთარ სასტუმროში დაიწყო. მაღრაძის თქმით, პროდუქციის ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია და ბრენდის ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება.

ცნობისთვის, სასტუმრო კომპლექსი ”ყვარლის ედემი” ყვარელში , მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქვეა ახლადშემქნილი ღვინის საწარმოც. კომპლექსი სულ 75 ადამიანია დასაქმებული.