LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურძნის სახელმწიფო სუბსიდიის გაცემა დაიწყო

73

რთველის 2016-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი დაიწყო. ის მევენახეები, რომლებმაც  ღვინის კომპანიებს ყურძენი 15, ან უფრო მეტი დღის წინ ჩააბარეს, უკვე შეძლებენ მიიღონ კუთვნილი სუბსიდიის თანხა.

როგორც “ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მევენახეებმა კუთვნილი სუბსიდიის მისაღებად ბანკებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბერისა უნდა მიმართონ.

„მევენახემ, რომელმაც ყურძენი 15 დღის წინ ჩააბარა უნდა მიმართოს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდია. ამ თანხის მიღება მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრისა“ – აღნიშნა   ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, კახეთში რთველი შეფერხების  გარეშე მიმდინარეობს. 16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  27 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 11,4 ათასი ტონა რქაწითელი, 12,8 ათასი ტონა საფერავი,  1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.  ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 23  მლნ-მდე ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 135 ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 46 ღვინის კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში

  • რქაწითელზე და  კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე  – 0,45 ლარი;
  •  საფერავზე –  1 კგ-ზე – 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში

  • მუჯურეთული/ალექსანდროულზე –  1 კგ-ზე – 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები