„უკვე ოფიციალურად, ჩვენ ოჯახი ვართ“ – ტეხასელი ცოლ-ქმრის ისტორიას სოციალურ ქსელსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ენდი და ტომას ბონურები ყოველთვის ბევრ შვილზე ოცნებობდნენ. წყვილი უკვე 15 წელია ქორწინებაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც მათი ტყუპი ქალიშვილები დაიბადნენ, ექიმებმა ენდი გააფრთხილეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეტი შვილი არ უნდა გაეჩინა.
სწორედ ამის შემდეგ მიიღო წყვილმა ბავშვის შვილად აყვანის გადაწყვეტილება.
თავიდან მათ პატარა ბიჭუნა, სახელად ბრაისონი დროებით მზრუნველობაში გადასცეს. ძალიან მალე ბონურებმა აღმოაჩინეს, რომ ბრაისონს კიდევ 4 და-ძმა ჰყავდა და ყველა მათგანი სხვადასხვა ოჯახში იმყოფებოდა დროებითი მზრუნველობის ქვეშ. ტომასს და ენდის ძალიან უნდოდათ და-ძმებზე ეზრუნათ, საქმე კი ბავშვების ბიოლოგიურმა მშობლებმა გაუადვილეს, რომლებმაც 5 შვილზე უარი ოფიციალურად განაცხადეს.
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, იურიდიული პროცედურები საბოლოოდ დასრულდა. დღეს ენდის და ტომასს 8 შვილი ჰყავთ. როგორც ამბობენ, მათი სახლი ხმაურიანი, თუმცა ბედნიერია. ბავშვებს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთზე ზრუნავენ. ენდი 5 ბავშვის შვილად აყვანის გადაწყვეტილებას თავის ცხოვრებაში ყველაზე სწორს და მნიშვნელოვანს უწოდებს.