LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი ახალი დღე გვაახლოებს გამარჯვებასთან“ – ეკონომიკის დარგები, რომლებიც უკრაინაში ომის შემდეგ განვითარდება

96
1400_500

სანამ ფრონტზე მყოფი უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს ანადგურებენ, ადგილობრივი ექსპერტები პროგნოზირებენ, თუ როგორ აღდგება ქვეყანა ომის შემდეგ. „ყოველი ახალი დღე გვაახლოებს გამარჯვებასთან“ – წერს უკრაინული გამოცემა Сегодня, რომელიც ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა და მათ ერთად მიმოიხილეს ის დარგები, რომელთაც ომის შემდგომ, განვითარების განსაკუთრებული პერსპექტივა აქვთ.

„დასავლეთი უკრაინისთვის “მარშალის გეგმის” ანალოგს ამზადებს და რუსეთის ფედერაციის გაყინული სახსრები ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის რეფორმაშიც დაეხმარება“, – იუწყება უკრაინული გამოცემა, რომელიც ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება: „დასავლეთის ქვეყნები ჩაასხამენ ფულს უკრაინაში, რათა ცალსახა სიგნალი გაუგზავნონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებების დაცვა“.

როგორც უკრაინელი ექსპერტები ამბობენ, ამჟამად, მათ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა და მეტალურგიაა სიცოცხლისუნარიანი და ამ დარგებს არც ომის შემდგომ შეექმნებათ პრობლემა. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ ეკონომიკამ, შესაძლოა, კარგი სტიმული მიიღოს მცირე და და საშუალო ბიზნესის წახალისებით, რაც განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერი ეკონომიკის ძირითადი კომპონენტია. „მეწარმეები უახლოეს წლებში გახდებიან ქვეყნის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, – ამბობენ ექსპერტები.

როგორც Сегодня წერს, ომის შემდეგ უკრაინა დაჩქარებული ტემპით უნდა აღდგეს. უკრაინული გამოცემა მკითხველს გაცვლითი ტექნოლოგიების ცენტრის ანალიტიკოსის მაქსიმ ორიშჩაკის კომენტარს სთავაზობს. „ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის თემა მთელ რეგიონს მიმზიდველს გახდის ინვესტიციებისთვის და არაკვალიფიციური მუშაკებისთვის. ამრიგად, სახელმწიფოს ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების აღდგენა, აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და შრომითი რესურსები იქნება საჭირო. თუ დასავლეთის გარანტიებით ინვესტორები მიიღებენ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათი ქმედებების უსაფრთხოების შესახებ, რაც არ ყოფილა ამ წლების განმავლობაში, ქვეყანა სწრაფად აღდგება“, – ამბობს მაქსიმ ორიშჩაკი.

გარდა ამისა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ექნება შესანიშნავი შესაძლებლობა, გახდეს სატრანსპორტო არტერია ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. იმის გამო, რომ რუსეთი და ბელარუსი, რომლებითაც ბევრი საქონელი მიდიოდა აზიიდან ევროპაში, სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ, არავის სურს ამ ქვეყნების გავლით საქონლის ტრანსპორტირება.

„ვფიქრობ, რომ ჩინეთიც უარს იტყვის ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიების გავლით ტვირთის გადაზიდვაზე. უკრაინას ექნება შანსი ინტეგრირდეს ახალი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში. ევროკავშირის ქვეყნებში, ირანსა და ინდოეთში, ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავიტანოთ საქონელი, რომელიც თურქეთიდან ევროპაში წავა“, – ამბობს ეკონომისტი ალექსეი კუში.

ექსპერტის აზრით, თუ უკრაინა ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, მაშინ რამდენიმე წელიწადში სატრანსპორტო ინდუსტრია 30 მილიარდ დოლარამდე მშპ-ს გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები