LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველდღიურად თავშესაფარში უამრავი დაკარგული ცხოველი შემოგვყავს, რომელთაც პატრონები არ აკითხავენ..“ – რას გეგმავს ძაღლების რაოდენობის შემცირების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

192
ფოტო- სალომე სარიშვილი: მიუსაფარი ცხოველები

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი კობიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენის მიზნით კვლევა ჩატარდება. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, დათვლის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით სააგენტო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობს.

„ბიემჯის“ გადაცემა – „საქმიანი დილის“ ეთერში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ დადგინდება სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია ეტაპობრივად შემცირდება.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

ცვლილებების მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების რაოდენობა ვიცოდეთ. უნდა მოხდეს რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ამის მიხედვით სამუშაოს დაგეგმვა, რომ რეალურ წლებში შედეგი გვქონდეს.

რთულია მეთოდოლოგიის შემუშავება, რადგან სპეციფიკური გარემოა და რაოდენობრივად დიდ მასშტაბებზე ვართ ასული.

ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დათვლის მეთოდოლოგია, რომელიც მაქსიმალურად მორგებული ჩვენს დედაქალაქზე იქნება და ზუსტ რიცხვებს მოგცემს.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ ასეთი კვლევა ჩავატაროთ. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა, შევძლებთ განვსაზღვროთ რამდენ წლიან პერიოდში შეიძლება გვქონდეს დადებითი ეფექტი.

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია კვლევისთვის, როდესაც დათბება ძაღლები აქტიურად გამოდიან და ამ პროცესს ალბათ 1 თვიანი პერიოდი მაინც დასჭირდება,“ – განაცხადა კობიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ცხოველების რაოდენობის შემცირება, კობიაშვილმა უპასუხა, რომ ყველაზე გამართლებული მეთოდი მათი სტერილიზაცია-კასტრაციაა.

ძაღლების გასამრავლებლად ნებართვის აღება იქნება საჭირო – მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება

„ჰუმანურად ხდება მისი დაჭერა, მუნიციპალურ თავშესაფარში ამ ოპერაციებისთვის გადაყვანა და რეაბილიტაციის შემდეგ ურბანულ გარემოს უბრუნდება.

ეს არის ეფექტური მეთოდი, თუ არ დაბრუნდება უკან, მაშინ იმ ადგილს ცხოველი იკავებს და იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ოპერაციების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდოთ.

თავშესაფარში წელიწადში 6 ათასი კასტრაცია ხდება, რასაც სტაბილურად ვახორციელებთ. ეს საკმარისი არ არის და ვმუშაობთ თავშესაფრის გამტარუნარიანობის ზრდაზეც, რაც მოიცავს საოპერაციო მაგიდების და ადამიანური რესურსების გაზრდას როგორც მაშველი ეკიპაჟების, ისე ვეტერინარების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს ამას შევძლებთ,“ – განაცხადა კობიაშვილმა.

მასობრივ სტერილიზაცია/კასტრაციასთან ერთად, სახლის პირობებში ცხოველების გამრავლების აკრძალვაზე, მათი სახლიდან გაგდების შემთხვევაში კი ფულად ჯარიმაზე საუბრისას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად თავშესაფარში უამრავი დაკარგული ცხოველი საყელურით შეჰყავთ, რომლებსაც პატრონები არ აკითხავენ.

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხებს კანონი დაარეგულირებს – კალაძე ახალ კანონპროექტზე საუბრობს

მისივე ინფორმაციით, სააგენტო პარლამენტთან ერთად, მუშაობს იმისთვის, რომ ჯარიმის მოცულობა გაიზარდოს.

„ჯარიმა დღეს არის 8 ლარი და იმდენი უნდა იყოს, რომ მეპატრონეებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ. უმეთვალყურეოდ ხდება ცხოველის დატოვება ქუჩაში, რაც მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეებთან ვიმუშაოთ.

აუცილებელია, აწარმოონ რეგისტრაცია, სადაც ჩაიწერება ცხოველის ვეტერინარული ისტორია: სად არის აცრილი, რომელი პრეპარატით და ა.შ. რაც გაგვიმარტივებს საქმიანობას და მალე მოვახდენთ დადებით შედეგს.

ასევე, აუცილებელია პასუხისმგებლობა იგრძნონ ბიზნეს სუბიექტებმა, რომლებიც უმეთვალყურეოდ, უკონტროლოდ ამრავლებენ ცხოველებს და შემდეგ არასასურველი „მეტისების“ გაჩენის შემთხვევაში, არაჰუმანურად ტოვებენ ლეკვებს როგორც ქალაქში, ისე ავტობანებზე.

ესეც იმის შედეგია, რომ სფერო არაკონტროლირებადია და გარკვეულ ჩარჩოებში აუცილებლად უნდა მოექცეს.

მათ [ბიზნეს სექტორს] უნდა ჰქონდეთ აღებული ლიცენზია, უნდა იყვნენ რეგისტრირებულები და მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ცხოველის სიცოცხლეზე, ამ მიმართულებითაც პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს.

ზუსტ თარიღებს ვერ გეტყვით, თუმცა შეხვედრები დაწყებულია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს ეს კანონი მიღებული იქნება. კანონი მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ მართვაში ყველა ჩაერთოს ჰუმანური მეთოდით.

რაც შეეხება ვადებს, ევროპულ ქალაქებში არის მაგალითები, სადაც 3-4 წლიანი გეგმა იყო, ზოგან ამას 5 წელი დასჭირდა, ამიტომ არის მიზანი, რომ კვლევა ჩავატაროთ და დავადგინოთ რაოდენობა.

მხოლოდ სტერილიზაცია არ არის საკმარისი, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამაზეც აქტიურად დავგეგმავთ აქციებს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად, იმისთვის, რომ ავამაღლოთ მათი ცნობიერება, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგისტრაციას, ასევე იმას, რომ მათი გამრავლება უკონტროლოდ არ მოხდეს.“ – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

 

 

 

ფოტოები: სალომე სარიშვილი