თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თითქმის ყოველდღე სოციალურ ქსელში მინისტრების, მათი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებს, ახლა უკვე მსახიობების არა მხოლოდ ლანძღვა-გინებაზე, არამედ ცილისწამებაზე გადავიდა.
რადიო „ფორტუნას“ მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი (დავით ნემსაძე) მის მეუღლეს – მაია დობორჯგინიძეს უშვერი სიტყვებით მიმართავდა, მასხარად მოიხსენიებდა და ვიდეოლაივში აფურთხებდა კიდეც. ბარბაქაძე გვიყვება, რომ გაზიარებულ ვიდეოში ჩანს (დღეს ეს ვიდეო აღებულია), როგორ ვარჯიშობს ჯარისკაცი, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. ნემსაძე მასზე ამბობს, რომ ეს კაცი „მაკდონალდსში“ უნდა მუშაობდეს და ეს მასხარა (იგულისხმება მაია დობორჯგინიძე) თავდაცვის სამინისტროშიო.
„კარგად იქნება აბა რა, მაიორზე, თუ ლეიტენანტზე მეტ ხელფასს იღებსო, ეს სრული აბსურდია, ჩემს მეუღლეს თეატრის გარდა არასდროს არსად უმუშავია, ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა არაფრის გამო“, – აცხადებს ბარბაქაძე.
მსახიობი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მან დავით ნემსაძეს რამდენჯერმე სოციალურ ქსელში მისწერა, რომ რაღაც ეშლებოდა და მის მეუღლეს მსახიობის გარდა, არასდროს არსად უმუშავია. გოგა ბარბაქაძის თქმით, შეურაცხმყოფელი ვიდეოების ავტორი არ გამოხმაურებია.
როგორც მსახიობი გვიყვება, მოგვიანებით, მისი ძმა რეზი ნაცარაშვილი (დედის მხრიდან) დავით ნემსაძეს შემთხვევით სავარჯიშო დარბაზში შეხვდა.
“ჩემმა ძმამ დამირეკა, მოდი, აქ არის, დაელაპარაკე, იქნებ ეს ვიდეო აიღოსო. როცა მივედი, ვუთხარი, რომ მაია დობორჯგინიძის მეუღლე ვიყავი. ჩემს მეუღლეზე რაღაც ვიდეო დადე, ჩემმა ოჯახმა ასეთი რა დაგიშავა, რომ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენე-მეთქი”, – იხსენებს ბარბაქაძე.
მსახიობის თქმით, ნემსაძე აგრესიული იყო, რომელმაც მის ძმაზე გაიწია. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა თანამშრომელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, მათ კი მსახიობის ძმა დააკავეს. მოგვიანებით, რეზი ნაცარაშვილი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბარბაქაძის თქმით, დავით ნემსაძე რომ ქუჩაში თავისუფლად დადის, ეს ყველასთვის საშიშია. „ასე მითხრა, თავდაცვის სამინისტროს წერილი გავუგზავნე იქ მუშაობდა თუ არა მაია, მაგრამ პასუხი არ მომსვლია და თქვენ რატო დაგიჯეროთ, რომ არ მუშაობსო. მიზანი არის, რომ პოპულარული ადამიანი გახდეს. საერთოდ არ ვიცნობ, არაფერი შეხება არ მქონია“, – ამბობს ბარბაქაძე.
რადიო „ფორტუნა“ რეზი ნაცარიშვილის ადვოკატს დაუკავშირდა. მარიამ კუბლაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დავით ნემსაძემ მიზანმიმართულად დაამძიმა მდგომარეობა. თუმცა ადვოკატის თქმით, ნაცარიშვილის მიერ ხელის აქნევას ცემის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა.
„თუ ნემსაძე არ შეწყვეტს გამოწვევას, გააგრძელებს ინფორმაციების გავრცელებას ყალბი ექაუნთებით და საკუთარი პირდაპირი ეთერების მეშვეობით, ფაქტობრივად შანტაჟს და მიზანმიმართულ გამოწვევას, ჩვენი რეაქციაც მკაცრი იქნება. მისი ქმედება უკვე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ესაა ცილისწამება და პროვოკაცია. სამწუხაროდ, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდგომ, ცილისწამება დანაშაული აღარაა. ნებისმიერ ინტრიგან ადამიანს შეუძლია გამოგიწვიოს თუ ის მოინდომებს. ამისთვის კი მას არ დააკავებენ, პირიქით, მსხვერპლს დაიჭერენ, რაც მოხდა რეზი ნაცარიშვილის შემთხვევაში“, – აცხადებს კუბლაშვილი.
მისივე ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო პროცესი 22 მაისს არის ჩანიშნული.
რადიო „ფორტუნს“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, საიდანაც ოფიციალური წერილი მოგვწერეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ რ.ნ. ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს დ.ნ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დავით ნემსაძეს, ის თავდაცვის სამინისტროში ოფიცრად 2007-2016 წლებში მუშაობდა. ამჟამად ის ორგანიზაცია „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ თავმჯდომარეა. ის თითქმის ყოველდღე მთავრობის წევრებს, მინისტრებს ფეისბუქის გვერდზე შეურაცხყოფას აყენებს. მაგ: თამარ ჩუგოშვილზე წერს: „გახრწნილი მამის გახრწნილი შვილი“; ლევან იზორიას მეუღლეს – „ბიუჯეტის მღრღნელი“; ის ასევე აქვეყნებს კახა კალაძისა და პატრიარქის ფოტოს წარწერით: „ლესბოსელი პიარში“ – მერია პატრიარქმაგინებელი მამათმავლების თავშესაფარი გახადეთ“; გიორგი გახარიაზე: „შსს მინისტრი კი არა ხუტორის ბურგომისტრი ხარ, რომელსაც გენერალ-გუბერნატორი „უკაზს“ აძლევს და აბა, ვინმემ გაბედოს პედერასტებზე ხელის აწევა“ და ა.შ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ დავით ნემსაძის მიმართ არანაირი მიმართვა და შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად, მის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.