ყოფილი მილიონერი უკვე 20 წელია დაუსახლებელ კუნძულზე ცხოვრობს. ავსტრალიელი დევიდ გლეშინი ნამდვილად თანამედროვე რობინზონ კრუზოა.
დევიდი 1987 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს გაკოტრდა და მას შემდეგ ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. ბიზნესმენმა 28,4 მილიონი დოლარი დაკარგა, მალევე კი მას მეუღლეც დაშორდა. თუმცა, ავსტრალიელმა ცოტა ხანში ახალი სიყვარული იპოვა და გოგონამ მას ცივილიზაციისგან მოშორებით გადასვლა შესთავაზა. სწორედ ამიტომ, წყვილი 1997 წელს კვინსლენდის შტატში მდებარე კუნძულზე დასახლდა. სამწუხაროდ, დევიდის შეყვარებულმა უკაცრიელ გარემოს დიდი ხანი ვერ გაუძლო და ქალაქში დაბრუნდა. ყოფილი მილიონერი კი კუნძულზე დარჩა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. ამჟამად 73 წლის გლეშინის ერთადერთი მეგობარი მისი ცუგა პოლია, ხანდახან კი მას ტურისტებიც აკითხავენ.