ქუთაისის “ტორპედომ” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში ტირასპოლის “შერიფს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მოლდოვის ჩემპიონმა გახსნა, რომელიც გასულ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახლდათ. ქუთაისელი მცველების შეცდომით ზიგი ბადიბანგამ ისარგებლა 0:1.
“ტორპედომ” წონასწორობა ათ წუთში აღადგინა. “შერიფის” მცველს შეცდომა გიორგი ქიმაძემ არ აპატია და წონასწორობა აღადგინა 1:1. ის მატჩის გმირი გახდა, რადგან 63-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ უნაკლოდ გამოიყენა და საქართველოს ჩემპიონმა 2:1 მოიგო.
ასეთი დონის გუნდთან საქართველოს წარმომადგენლებს დიდი ხანია აღარ მოუგიათ და განმეორებით შეხვედრამდე, რომელიც ტირასპოლში 18 ივლისს გაიმართება, “ტორპედოს” მეორე ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უეფას რეიტინგში ჩვენმა ჩემპიონმა სასურველი ქულები მოგვიპოვა.
ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი:
„მთლიანობაში ძალიან სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ მოლდოვაში მძიმე განმეორებითი თამაში გველოდება. გამოსასწორებელი ბევრი რამაა და შევეცდებით, რომ გუნდი უფრო შევათამაშოთ. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის – შევეცდებით კიდევ უფრო მეტად გავახაროთ. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, საქართველოს გამარჯვებაცაა. გუნდის გაძლიერებაზეც ვფიქრობთ, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს და შესაძლოა, შემდეგი შეხვედრისთვის თავდამსხმელიც დავიმატოთ”.
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედია“ ყაზახურ “ტობოლს“ შეხვდა და დასანანად ბოლო წამებზე წააგო.
“სამტრედიამ” ახალი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მხოლოდ ოთხჯერ ივარჯიშა, შემადგენლობაში შვიდი ახალი ფეხბურთელი იყო. ამის მიუხედავად, სამტრედიელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წამებზე დამარცხდნენ.
“ტობოლის” ლიდერები საქართველოს ნაკრების წევრები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი არიან და შეტევების უმრავლესობას ისინი იწყებდნენ.
ყაზახებმა წარმატებას მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მე-4 წუთზე მიაღწიეს – მაქსიმ ფედინმა მოჭრილი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა და “სამტერდიამ” ძალაინ დასანანი მარცხი იწვნია 0:1.
განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს კოსტანაიში გაიმართება და ცხადია, ფავორიტი ყაზახური გუნდია.
“სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე:
„ყველამ იცის, რომ “სამტრედია”, ფაქტობრივად, ახალი გუნდია. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ოთხჯერ ივარჯიშა, ამის გამო შეუთამაშებლობა გვეტყობოდა და შემადგენლობაც ახალი გვყავდა. ამის მიუხედავად, მე-60 წუთამდე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მერე კი გაგვიჭირდა, მეტოქე ფიზიკურად უფრო ძლიერი გამოდგა და შედეგზე ამან იმოქმედა”.