LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყივანახველა

122
ყივანახველა

ყივანახველა მწვავე ვირუსული ინფექციაა. ინფექციის წყაროა ავადმყოფი. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების საწყის პერიოდში. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტის დროს. ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ახალშობილიც კი. საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა. დაავადება მიმდინარეობს 3 სტადიად და, ჩვეულებრივ, 6-8 კვირა გრძელდება.

საწყისი, კატარული სტადია 1-2 კვირა გრძელდება. იწყება ცხელებით, მშრალი ხველითა და სხვა კატარული მოვლენებით. ამ პერიოდში ყივანახველის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება. სპაზმური ხველის სტადიაში (2-4 კვირა) ხველის შეტევები ძლიერდება და ხშირდება. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირს ჩასუნთქვა. როცა ჩასუნთქვის საშუალება მიეცემა, ჰაერი სტვენით ჩადის, რაც წამოყივლების შთაბეჭდილებას ახდენს. ზოგჯერ შეინიშნება სუნთქვის გაჩერება. ამგვარი შეტევა რამდენჯერმე მეორდება, სანამ ავადმყოფი სქელ, წებოვან ნახველს არ ამოიღებს. ამას თან სდევს ღებინება, ზოგჯერ – უნებლიე შარდვა. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვაც. ხველის დროს ავადმყოფი წამოწითლდება, შეტევის დასრულებისას კი ფითრდება. გამოხატულია ციანოზი. ბავშვები ამჟღავნებენ მოუსვენრობას, შფოთვას.

დაავადების უკუგანვითარების პერიოდი გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. მესამე სტადიაში საერთო მდგომარეობა უმჯობესდება. სპაზმური ხველის შეტევები თანდათანობით მცირდება.

გართულებებიდან აღსანიშნავია პნევმონია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, სისხლჩაქცევა, ახალშობილებში ხშირია ჭიპისა და საზარდულის თიაქარი. მძიმე გართულების შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, მკურნალობაში ანტიბიოტიკებისა და კორტიკოსტეროიდების ჩართვა. თუ ყივანახველის დიაგნოზი დაისვა და ავადმყოფს ეძლეოდა ანტიბიოტიკი, საჭიროა მისი იზოლაცია 5 დღით, თუ არ ეძლეოდა – 3 კვირით. ანტიბიოტიკი ინიშნება კატარული და სპაზმური ხველის პირველ პერიოდში. მოგვიანებით მისი გამოყენება უშედეგოა. სასურველია, ავადმყოფს ზომიერად ვასვათ სითხე, გადავიყვანოთ მაღალკალორიულ და ვიტამინებით მდიდარ საკვებზე. დადგენილია, რომ სუფთა ჰაერზე თამაში სპაზმურ შეტევებს აიშვიათებს. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ აცრები არ ტარდება. საჭიროა ზოგადი პროფილაქტიკური ღონისძიებები, ხოლო თუ დაავადება თავიდან ვერ ავიცილეთ – ავადმყოფის იზოლაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები