„ხორვატიაში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ჩართულობით კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მან ყირიმის კონფერენციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად უნდა შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შესახებ.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც გახლავთ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე მოხდა ხაზგასმა იმისა, რომ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად იდგება უკრაინის გვერდით.
აღნიშნულ ფორმატში საქართველოს დელეგაციის წარდგენა რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანია. საქართველო აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ ის არის უკრაინის გვერდით დგას.
უფრო მეტი და აქტიური ძალისხმევაა საჭირო, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინას და გარდა ამისა,
საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი, ვინაიდან სწორედ ახლა არის დრო იმისა, საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენონ, რომ საქართველო იყო პირველი მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და განახორციელა პირდაპირი აგრესია.
ამ ფორმატში საქართველომ უნდა იმუშაოს და უკრაინის დეოკუპაციასთან ერთად ჩვენ პარტნიორებს შეახსენოს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის პრობლემა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.