ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „აი ფაქტი“ ავრცელებს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ ექსპერიმენტი ორ სასტუმროში და სამ კაფეში ჩაატარა. ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. იგივე სცადეს ექვს გარემოვაჭრესთან, ისინიც რუბლში ვაჭრობენ.
“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“ ფასანაური-ყაზბეგში მდებარე ობიექტები კი არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან, არც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებია და არც განსაკუთრებული გამონაკლისი. შესაბამისად, უნდა ვაჭრობდნენ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
ტურისტებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შემოსავლების სამსახურია. ჩვენი მიმართვის შემდეგ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურს გადასცეს. სხვა კითხვებზე არ გვიპასუხეს,” – წერს აი ფაქტი.