ყაზახური წარმოშობის ტვირთების გადაზიდვებზე შეღავათიანი ტარიფები იმოქმედებს. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა. მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს შეღავათიან ტარიფებს მუქ ნავთობპროდუქტებსა და ყაზახურ ხორბალზე.
”ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინი. მფლობელები თვითონ არიან ჩამოსულები თბილისში და უკვე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვას როგორც ბათუმის, ასევე ფოთის მიმართულებით”, – განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისთვის, ხელშეკრულებას ხელი აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების რკინიგზებს შორის მოეწერა. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ხვალ ხელშეკრულება გაფორმდება გერმანიის რკინიგზასთან ”დოიჩე ბანთან.” ხელშეკრულება შეეხება გადაზიდვებს ჩინეთიდან გერმანიის მიმართულებით საქართველოს დერეფნის გავლით.