LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახური ბიზნეს გეგმები: Forbes-ის მილიონერი საქართველოში სასტუმროს ააშენებს

105

ყაზახი დეველოპერი, კორპორაცია „ბაზის ა“-ის დამფუძნებელი და ყაზახური Forbes-ის მიერ 50 ყველაზე გავლენიან პირს შორის დასახელებული, ალექსანდრე ბელოვიჩი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამედ ერტისბაევმა „სპუტნიკ-საქართველოს“ განუცხადა. ელჩის თქმით, ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში სასტუმროების აშენება სურთ.

„ბევრი ბიზნესმენი მიკავშირდება, აიტერესებთ სად შეიძლება სასტუმროს ასაშენებლად მიწის შეძენა. ვესაუბრე ყაზახეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბელოვიჩს, რომელიც აშენებს საცხოვრებელ სახლებს, დიდ შენობებსა და სასტუმროებს ასტანაში, ალმათიში. ბელოვიჩი დაინტერესებულია საქართველოთი და მალე ჩამოვა აქ ბაზრის შესწავლის მიზნით. სხვა ყაზახი ბიზნესმენი – ალექსანდრ მაშკევიჩი საქართველოში ქართული ჯანდაცვის რეფორმირებით არის დაკავებული, ამ სფეროშიც დიდი ინვესტიციები განხორციელდება. საერთოდ გეტყვით, რომ საქართველო – ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ყაზახეთმა ფული ჩადო. არც ერთ ქვეყანაში არ ვაბანდებთ, მეზობელ ყირგიზეთსა და უზბეკეთშიც კი ასეთი რაოდენობის ფული არ ჩაგვიდია“, – განაცხადა ელჩმა.

 

ალექსანდრე ბელოვიჩი

 

ამასთან, „სპუტნიკ-საქართველოს” ყაზახეთის ელჩი “ყაზტრანსგაზ თბილისის” თემაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ისევ გაყინულ მდგომარეობაშია. როგორც ელჩმა განმარტა, ყაზახურ მხარეს კომპანიაში თითქმის 160 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული, რაც დიდი ფულია და “ყაზახეთს სრული უფლება აქვს დაბანდებული ფულის ნაწილი მაინც დაიბრუნოს”.

“მოლაპარაკებები გაიწელა, შარშან ყაზახური მხარე ლონდონის სასამართლოშიც კი აპირებდა სარჩელის შეტანას. მე, როგორც ელჩს, ეს არ მინდა, რადგან თუ ჩვენი ქვეყნები საქმეების გარჩევას სასამართლოებში დაიწყებენ, ეს ორ მხრივ ურთიერთობებს დააზარალებს”, – განაცხადა დიპლომატმა.