ბესიკ თოდუა, რომელიც ახალგაზრდა ყაზახი ქალის აისელ აიპტაევას გაუპატიურების ბრალდებით იყო დაკავებული, გუშინ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თოდუა პენიტენციური დაწესებულებიდან ერთი კვირის წინ კლინიკაში გადაიყვანეს და სწორედ იქ გარდაიცვალა.
ბრალდებულის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს თოდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე და მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონოდ და უსაფუძვლოდ იყო დაკავებული:
“სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ბ.თ, რომელიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ იყო დაკავებული გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.” – წერს ადვოკატი.
ადვოკატი დეტალებზე საუბრობს ჟურნალისტებთან და ამბობს, რომ თოდუა ბოლო 5 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ადვოკატის განცხადებით, მას გუშინ საღამოს შეატყობინეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა.
“საეჭვო რაღაცები იყო. მანამდე ძალიან ჩვეულებრივ იყო და ასე უცებ რა მოხდა ეს ჩვენთვის ძალიან საეჭვოა. ეს იყო დარტყმა, თუ ბუნებრივი მოვლენა იყო, შეიძლება სასჯელაღსრულებამ დროული რეაგირება არ მოახდინა. ფაქტია, რომ ადამიანი გარდაიცვალა.”
ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ცდილობს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, ყაზახეთის მოქალაქემ, 26 წლის აისელ აიპტაევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თოდუა დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს.
დეტალების გასარკვევად “ფორტუნა” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანისას, ბრალდებულს დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დიაგონიზი – არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა. მას მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მიმდინარე წლის 30 ივნისს კი დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს:
“ბრალდებული ბ.თ. (დაბ. 09. 07. 1965წ) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 08.05.2021 მოთავსდა.
შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
30.06.21 დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა – T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ.
კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური.
მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14.06.21-ში დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.” – განმარტავენ “ფორტუნასთან” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.