„დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამ ქვეყნის შვილს ეძლევა საშუალება, სრულიად უანგაროდ ემსახუროს საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ეს განცდა მარადიულია მათთვის, ვის თვითშეგნებაშიც უპირველესია დიდი ილიას სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე, პარტიის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა მიმართვის დროს აღნიშნა, „სწორედ ამ შეგნებით მოხდა მათი გაერთიანება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც ემუქრებოდა ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მთლიანობას და ღირსებას“.
„სწორედ ამ პირველ ბრძოლაში გამარჯვებამ გადაგვაწყვეტინა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ საფუძველზე პარტიის შექმნა.
გულწრფელად გეტყვით, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და გამოწვევებისა, ჩვენმა გამბედაობამ, სიმტკიცემ, ძალისხმევამ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენმა უდიდესმა მხარდაჭერამ მოგვცა ძლიერი იმპულსი, რომ გაათმაგებული ენერგიით და ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებით გავაგრძელოთ ჩვენი მთავარი მიზნების განხორციელება, რაც არის ჩვენი ხალხის სიმართლით აღჭურვა, ჩვენი სამშობლოს მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა და პარალელურად, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერება.
ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ეროვნული თვითშეგნების მქონე, ღვთის მოშიში და თავისუფალი ადამიანების გაერთიანება, რათა მოახლოებულ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მოხდეს დამაჯერებელი გამარჯვება იმ ბოროტ ძალებზე, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ აქაური გამყიდველი და მოღალატე კოლაბორაციონისტების საშუალებით დაიმორჩილონ და დაიმონონ ჩვენი სამშობლო.
ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანის, როგორც ღვთის ხატის და მაშასადამე, კაცობრიობის გადარჩენისთვის.
ამიტომ არის აუცილებელი, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა. სწორედ ეს არის გზა ტაძრისკენ და მარადიულობისკენ. დიდი მადლობა, უფალი გფარავდეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ პარტიად დაფუძნების ყრილობა გაიმართა. პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს.