ყატარულმა ტელეარხმა ფიფას 100 მლნ დოლარი გადაუხადა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად ყატარი აერჩია.
ყოფილმა საფეხბურთო ჩინოვნიკმა ბონიტა მერსიადესმა თავის წიგნში ერთი თავი აღნიშნულ არჩევნებსაც დაუთმო. მისი მტკიცებით, ყატარულმა სამთავრობო არხმა beIN Sports ფიფას 100 მლნ დოლარი გადაუხადა. სანაცვლოდ ყატარი 2022 წლის მუნდიალის მასპინძლად აირჩიეს.
მერსიადესმა ყატარული მხარის მხარდაჭერაში უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინიც დაადანაშაულა.
ყოფილი საფეხბურთო ჩინოვნიკის თქმით, მოლაპარაკებას ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის მხრიდან პირადად იოზეფ ბლატერი აწარმოებდა.
”ბლატერმა მასპინძლის არჩევამდე ზუსტად იცოდა შედეგი, ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაურეკა და პირადად შეატყობინა, რომ ამერიკამ მასპინძლობისათვის ბრძოლა წააგო”, – წერს მერსიადესი.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ცნობილი 2010 წელს გახდა. ეს იქნება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი, რომელიც ყატარში არსებული სპეციფიკური კლიმატური პირობების გამო, ზამთარში გაიმართება.