თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, 3 ადგილობრივი დაშავდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ინციდენტში მონაწილე პირები სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ, რამაც მათ შორის დაძაბულობა გამოიწვია. თუმცა, სამართალდამცველების დამატებითმა ჯგუფმა ვითარება მალევე განმუხტა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, სამართალდამცველებმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პირების პირების გარდა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.