შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, მოლარე–ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.