შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
უწყების ცნობით, ერთი პირი ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5 415 ევრო, 8 353 ამერიკული დოლარი და 7 425 ლარი გასტაცა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.