თბილისთან ახლოს დასვენების ფასები წლიდან წლამდე იზრდება. კომფორტულ აგარაკებზე, თუ ჩვეულებრივ სახლებზე, კოჯორში, წყნეთში, ტაბახმელაში და სხვა დაბებსა და სოფლებში, მოთხოვნა გაზრდილია, ფასები კი განსხვავებულია.
დღიურად ამ ადგილებში სახლების ქირაობა 100-დან 300 ლარამდე ჯდება, ხოლო, თვიურად გაცილებით მეტი.
თუ თქვენი ბიუჯეტი 1000 ლარამდეა, მოგიწევთ სახლი სხვებთან ერთად გაიზიაროთ და ერთ იზოლირებულ ოთახს დასჯერდეთ. მთლიანი აგარაკის ქირაობას 1000 დოლარიდან შეძლებთ.
myclient.ge-ში აცხადებენ, რომ კეთილმოწყობილი აგარაკების ფასი აუზით და სხვა კომფორტით 3000 დოლარიდან იწყება.
„ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა წყნეთში, კიკეთში და ასეთ ადგილებში დასვენებაზე მოთხოვნის ბუმი ნამდვილად არ არის. წელს გაზრდილია მოთხოვნა საზღვარგარეთ დასვენებაზე, ძირითადად, ზღვისპირა მიმართულებებზე,“ – განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გვანცა გუჯელაშვილმა.
უძრავი ქონების სააგენტოს Beruka.ge-ს წარმომადგენელი ავთანდილ გუგეშაშვილი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ წელს ამ ტიპის განცხადებები მათ სააგენტოში საერთოდ არ შესულა.
რაც შეეხება განცხადებების საიტს myhome.ge, აქ მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, გვერდზე საკმაოდ ბევრი განცხადება იძებნება. ფასებით კი, დასკვნების გაკეთებაც შეიძლება.
მაგალითად, კოჯორში აგარაკის ქირაობისთვის მაქსიმალური ფასი 13 000 ლარსაც კი სცდება. მინიმალური ფასი კი 750 ლარია, თუმცა ამ ფასად მხოლოდ ერთი ოთახის ქირაობას შეძლებთ.
წყნეთში ფასები კიდევ უფრო მაღალია. განცხადებების საიტზე, აგარაკის ქირაობის მაქსიმალური ფასი თვეში 49 000 ლარია (სეზონის ფასი 3 თვე), ხოლო მინიმალური – 1200 ლარი.
კიკეთში არსებულ აგარაკებზე, საიტზე შედარებით ნაკლები განცხადებაა განთავსებული. მაქსიმალური ფასი აქ 3 600 ლარია, ხოლო მინიმალური – 1100.
წავკისში აგარაკების ფასი მინიმალური 2000, ხოლო მაქსიმალური 24 000 ლარია.
ნახეთ ამავე თემაზე: დასვენება თბილისთან ახლოს: “მოთხოვნა აგარაკებზე გაზრდილია, ფასები კი 1000 ლარიდან იწყება”