საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და კომპანია „ტრანსმშენის“ პარტნიორობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 30,000 მ2 ფართობზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კომპლექსი 420 ბინას, ბავშვთა გასართობ მოედანს, 105 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომსა და გამწვანებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 27,355,000 ლარს შეადგენს.
„ტრანსმშენი“ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამშენებლო ორგანიზაციაა. ამჟამად, კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 1929 წლიდან მოყოლებული, „ტრანსმშენს“ 1,200,000 მ2 ფართობზე არაერთი უნიკალური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა აქვს განხორციელებული, მათ შორის: საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა მრავალი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.
„საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ თანამშრომლობა უკვე 15 წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის – იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს სოციალურ პროექტებში უშუალო ჩართულობა, ვინაიდან ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერაა – პროექტების, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას ისახავენ“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
„კომპანია „ტრანსმშენი“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული მსგავსი სოციალური დანიშნულების პროექტების განხორციელებაში. გარდა აღნიშნული პროექტისა, ბოლო 3 წლის მანძილზე კომპანიამ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმატებით განახორციელა 680 ბინის დასრულებული რემონტით მშენებლობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კვლავ წარმატებით ვაგრძელებთ პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა კომპანია “ტრანსმშენის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ.
ინფორმაციისთვის, „ტრანსმშენი“ მრავალფეროვან სერვისს შემდეგი მიმართულებებით უზრუნველყოფს:
-
საინჟინრო სამუშაოების წარმოება;
-
საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა;
-
სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა;
-
ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა;
-
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;
-
სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
-
საინჟინრო სისტემების მშენებლობა.