განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაში მისი ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ივანეიშვილის საქმიანობა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და მასში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
ივანეიშვილის ოჯახი გამორიცხავს, მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ გამოძიებას და იმედოვნებენ, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ასევე გავრცელებული ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გვსურს გამოვხატოთ პოზიცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის დაკავებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
გრიგოლ ივანეიშვილი ქ. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე, 2017 წლის ნოემბერში, ამავე ქალაქში სამეწარმეო საქმიანობას 20 წელზე მეტია ეწევა. ამ წლების განმავლობაში, მან ქალაქში განახორციელა 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და წარმოადგენს რაიონის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში დასაქმებულია 70-ზე მეტი ადგილობრივი.
ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და მასში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა მისი საქმიანობაც წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც მოიაზრებს ინვესტიციების მოზიდვასა ინვესტორების დაინტერესებას ქალაქში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების თვალსაზრისით. ამავე მიზნით, თანამდებობის ფარგლებში არსებული კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდა ბრალდების მიერ აპელირებად შემთხვევაში პოტენციური ინვესტორის მხარდაჭერაც სახელმწიფო ქონების აუქციონის საშუალებით პრივატიზების საქმეში.
ცნობილია, რომ ბრალდების საქმეში მითითებული ქონების პრივატიზაცია უკვე გაწერილი იყო ქალაქის წლის ბიუჯეტში. ამასთან, ქონების გასხვისებამდე გაიმართა ორი წარუმატებელი აუქციონი, სადაც ქონების ღირებულება იყო იდენტური ბრალდების საქმეში ხსენებული აუქციონისა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი გასხვისება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს გრიგოლ ივანეიშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლიანად წარმართული გამოძიების საშუალებით, სასამართლო უზრუნველყოფს ჭეშმარიტების დადგენას.
ამასთან, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გავრცელებულ არამართებულ ინტერპრეტაციებზე გრიგოლ ივანეიშვილის ქონების შესახებ. კერძოდ, მის დეკლარაციაში მითითებული საკუთრების დაკავშირებაზე მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. გვსურს აღვნიშნოთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ გრიგოლ ივანეიშვილს არ შეუძენია არც ერთი უძრავი, თუ მოძრავი ქონება. ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონება მას შეძენილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებამდე, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე.
ბოლოს, ვაცხადებთ, რომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გამოძიებას. ვიმედოვნებთ, პროცესი წარიმართება სამართლიანად და სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. საზოგადოებასა და მხარეებს მივმართავთ თხოვნით, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისგან გამოძიების პროცესში, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე,“ – ნათქვამია გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის განცხადებაში.
ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ. ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის თავს დამნაშავედ არ თვლის.