LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად ქცევის მიზნით, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს

119
Tskaltubo-60

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ  „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო.

ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით განხორციელდება. მისივე განცხადებით, ბიზნესს სრული ინფორმაცია მიეწოდა წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ხედვის და მისი პოტენციალის შესახებ.

კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში, აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტზე, დაახლოებით, 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად იმსჯელა რეაბილიტაციის პროექტის შესახებ. ასევე, ბიზნესის მხრიდან გაჟღერდა ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები