”ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანია ”წყალი მარგებელი” ახალ ქარხანას აშენებს. პროექტის საერთო ღირებულება 35 მილიონი დოლარია.
როგორც ”ფორტუნას” მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორმა, ირინა გაფრინდაშვილი განუცხადა, ახალი ქარხანა 2016 წლის ბოლოს გაიხსნება და მასში იწარმოება არსებული პროდუქცია, ანუ მინერალური წყლები- ”ნაბეღლავი” და ”ბახმარო”.
გარდა ამისა, იგეგმება ქარხნის წარმადობის გაზრდაც. კომპანია ახალი ხაზის დამატებას და ნატურალური წვენების ჩამოსხმას გეგმავს.
”ჩვენს პროდუქციას დაემატება ახალი მიმართულებები უალკოჰოლო სასმელის სახით. ვაპირებთ ნატურალური წვენებისა და ასევე ლიმონათის წარმოებას”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორის ინფორმაციით, ქარხანა უახლესი თანამედროვე ტექნოლიგიებით აღიჭურვება. აქ წარმოებული პროდუქცია კი იქნება როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვინილი, ასევე ექსპორტზეც გავა.
”ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები ევროპაში წვენების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს, ავსტირულ კომპანია ”რაუხთან”, რომლის ბრენდის ქვეშაც ვგეგმავთ, რომ ჩამოვასხათ წვენები”, – აღნიშნა ირინა გაფრინდაშვილმა.
კომპანია „წყალი მარგებელი“ 1997 წელს დაარსდა.