„ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს. ეს ყველაფერი ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას მიერ ციხიდან გავრცელებული წერილის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე, არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც, ის უკვე მსჯავრდადებულია.
„ის წარდგენილია მართლმსაჯულების წინაშე, მართალია ხანგრძლივი საექსტრადიციო პროცედურების შედეგად, მაგრამ მაინც კარგია, რომ გვიან, მაგრამ სამართალმა იზეიმა და ახლა მას უკვე შეუძლია, რომ პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე პროკურატურას და უფრო ფართოდ კი, ქართულ კანონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.