LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე ლარი 3 %-ით გამყარდება: ეროვნული ბანკი

81
ლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. საბაზისო სცენარით, აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი სტაბილური რჩება, თუმცა ცენტრალური ბანკის ოპტიმისტური გათვლებით, წელს წლის ბოლომდე დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 3%-ით გამყარდება. მომავალ 2022 წელს კი დამატებით 3%-იან გამყარებას პროგნოზირებს.

მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 2021 წლის განმავლობაში მიმდინარე დონესთან შედარებით 10%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 5%-ით გაუფასურდეს.

„ოპტიმისტურ სცენარში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება საბაზო სცენარის ანალოგიურია. ვინაიდან განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას საწარმოო პოტენციალის გაუმჯობესება ახლავს თან, ინფლაციური წნეხები უმნიშვნელოა და მონეტარული პოლიტიკის ნაადრევი გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგება. შესაბამისად, კაპიტალის ბაზრებზე ნარჩუნდება შერბილებული ფინანსური პირობები, რაც მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სცენარის პირობებში, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მზარდი ეკონომიკური აქტივობა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადებს მიმდინარე წლიდან ზრდის. საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენა კი 2022 წლიდან იძენს დინამიკას. გაუმჯობესებული საბაზრო განწყობა და განვითარებულ ქვეყნებში შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ადგილობრივ ეკონომიკაში პორტფელური ინვესტიციების შემოდინებასაც ზრდის. შედეგად, ლარის გაცვლითი კურსი, როგორც ეფექტური, ასევე აშშ დოლართან, გამყარების ტენდენციას აჩვენებს. აღნიშნულ სცენარში, სავალუტო ნაკადების მოსალოდნელი აღდგენის კვალდაკვალ, მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ლარი აშშ დოლართან 3%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 3%- ით მყარდება. ლარის აქტივებზე მზარდი მოთხოვნის პირობებში ქვეყნის რისკის პრემია საბაზო სცენართან შედარებით კიდევ უფრო მცირდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ სცენარში (ოპტიმისტური).

პესიმისტურ სცენარში კი, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პანდემიის ახალი ტალღების გავრცელება კვლავ შემაკავებელი შეზღუდვების შემოღებას იწვევს, რაც მოლოდინებს აუარესებს და ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. შედეგად, წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ნაკადებში დაფიქსირებული დადებითი დინამიკა იკარგება.

„გადაადგილებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე დაწესებული შეზღუდვები, ისევე როგორც მათ ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, საინვესტიციო აქტივობაზე, საერთაშორისო ტურისტულ ნაკადებსა და ფულად გზავნილებზე უარყოფითად აისახება. გაუარესებული საგარეო ბალანსი და გაზრდილი რისკები აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას განაპირობებს.

პესიმისტურ სცენარში, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 2021 წლის განმავლობაში მიმდინარე დონესთან შედარებით 10%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 5%-ით უფასურდება. 2023 წელს კი, ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, ლარი 5%-ით მყარდება. ამ პერიოდში შედარებით ზომიერია ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ვინაიდან გლობალური ტენდენციები სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებზც ახდენს უარყოფით გავლენას“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები