დღგ-ს დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ.
„დღგ-ს დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავის ტკივილი. დღეს გავიარე ეს ციფრები და წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ, რაც ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის ძალიან წარმატებული რეფორმა და ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში დაინერგება, ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს გახდის“, – განაცხადა პრემიერმა.