LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წლების წინ გადამარჩინა” – რას წერს ია ანთაძე ცნობილი ინფექციონისტის შესახებ

152
ვახტანგ ბოჭორიშვილი

ჟურნალისტი ია ანთაძე იხსენებს ცნობილ ინფექციონისტ ვახტანგ ბოჭირიშვილს, რომელმაც, როგორც ის წერს, მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

გთავაზობთ ია ანთაძის სტატუსს:

“დღეს, როცა დამსახურებულ მადლობას ვეუბნებით ქართველ ინფექციონისტებს, მინდა, გავიხსენო ლეგენდარული ექიმი ვახტანგ ბოჭორიშვილი.

1988 წლის ბოლოს, როცა ე.წ. “გერმანულ” სკოლაში ვმუშაობდი, რაღაც უცხო ვირუსი “შევისრუტე” და ორმხრივი ფილტვების ანთებით “ლეჩკომბინატის” რეანიმაციაში მოვხვდი. მაშინ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე თენგიზ ბეგიშვილი იყო – ჩემი მოსწავლის, ნინი ბეგიშვილის ბაბუა. ბატონმა თენგიზმა კუნსილიუმზე მოიწვია ყველა, ვისაც კი შეეძლო, რამით დამხმარებოდა. ისე ცუდად ვიყავი, ჩემს მშობლებს უთხრეს, ჩვენ მეტი აღარაფერი შეგვიძლიაო.

იმ ექიმებს შორის, ვინც ჩემს მკურნალობაში ჩართო ბატონმა თენგიზ ბეგიშვილმა, ბატონი ვახტანგიც იყო. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ნელ-ნელა ყველა ექიმი შემომეცალა და დარჩა მხოლოდ ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა ჩემს გადასარჩენად.

ამასობაში 31 დეკემბერი დადგა და როდესაც ბატონი ვახტანგი ჩემთან მოვიდა გასასინჯად, ვთქვი, რომ, ალბათ, ექიმებისთვის ახალი წელი არ არსებობს-მეთქი. ვერ წარმომედგინა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. მხოლოდ მაშინ, როდესაც დავინახე, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს ბატონი ვახტანგი და ბატონი თენგიზი, მივხვდი, რომ ჩემი გადარჩენის სიხარული გამოხატეს ამ უნებლიე ჟესტით.

მოგვიანებით, როცა მე ჟურნალისტი გავხდი, ხოლო ბატონი ვახტანგი – პარლამენტის წევრი, დედაჩემმა მთხოვა, დაელაპარაკე და მადლობა ახლა მაინც უთხარიო. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ჟურნალისტი ია ანთაძე ის ავადმყოფი იყო, რომელიც წლების წინ გადაარჩინა. მაშინ ვერ გავბედე მასთან მისვლა და ახლა ძალიან ვნანობ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ინფექციონისტები ყოველთვის შესაბამის პატივს მიაგებენ ბატონ ვახტანგ ბოჭორიშვილს, ლეგენდარულ ექიმს და სამაგალითო ადამიანს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები