საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
საკმაოდ ვრცელ განცახდებაში დეგნანი საუბრობს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე; იმ დახმარებაზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში აშშ–მა საქართველოს გაუწია, ასევე ჩვენი ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღესაც რჩება.
მისი განცხადებით, წლების განმავლობაში აშშ-მა, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს დასახმარებლად თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოყო.
„ შეერთებულ შტატებს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და გვჯერა, რომ ქართველები იმსახურებენ თავიანთი მიზნების განხორციელებას და ტრანს-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას… მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას.“-აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში.