პარლამენტის ფოიეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
პარლამენტში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„ირაკლი, შენ ხარ, რუსი.. შენ ხარ რუსი ჯაშუში“, – უთხრა ანა წითლიძემ ირაკლი კობახიძეს, საპასუხოდ კი, კობახიძემ მას მიმართა:
„აგენტი ხარ, ქალები ნუ ეფარებით ხოლმე ვითომ კაცებს“.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.
მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის მითითებით, სხდომათა დარბაზი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა.
ამასთან, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსულ კულტურის მინისტრს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თეა წულუკიანს მიმართვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გაშალეს ბანერი – რომელსაც „ქართული ოცნების“ ლოგოსთან ერთად, ცნობილი რუსული მიმართვაც ეწერა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს
ხმაური და დაპირისპირება გაგრძელდა პარლამენტის ფოიეში – დეპუტატები ერთმანეთს უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წევრ, მამუკა მდინარაძესა და „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილს შორის, ასევე „ხალხის ძალის“ წევრ მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორისაც.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.