„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგატმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს.
მათივე განმარტებით, დელეგატი ვაჟა გაფრინდაშვილს პირისპირ ესაუბრა და ის თავს ნორმალურად გრძნობს.
„დღეს მეორე ვიზიტი იყო. როგორც მოგეხსენებათ პირველი ვიზიტი 18 ნოემბერს შედგა. ჩვენი დელეგატი მასთან დაახლოებით 14:00 საათზე შევიდა. შეხვედრა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა, რაც მასთან პირისპირ დარჩენას და საუბარს გულისხმობდა. ასევე, მას გადავეცით მისი ოჯახის წერილი და ამჯერადაც მან ოჯახს საპასუხო წერილი გამოუგზავნა, რომელიც მის ოჯახს უკვე გადავეცით. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება მე არანაირად არ მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ისიც იმიტომ, რომ ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია, თავს ნორმალურად გრძნობს და ამბობს, რომ მხნედ არის“,-განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ქარდავამ.
წყარო: ipn