LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას რისკი ისევ არსებობს, მოსახლეობას აცრისკენ მოვუწოდებ – დავით სერგეენკო

173
shutterstock_550598923

წითელათი დაინფიცირების რისკი ისევ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

მისი თქმით, 120 ათასი ადამიანი უკვე აიცრა, თუმცა მიზანი მიმდინარე წელს 300 ათასამდე ადამიანის აცრაა, რათა შესაძლებელი იყოს დაავადების ჩაქრობა.

„დღეს საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების ყველა რეგიონში, დაიწყო იმუნიზაციის კვირეული, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ინიციატივა. მისი ამოცანა არის კიდევ ერთხელ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. რაც შეეხება წითელათი გაზრდილ დაავადებას, საფრთხეები ჯერ არ განულებულა და კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ის, ვინც არ იცის დარწმუნებით აქვს თუ არა აცრა ჩატარებული წითელაზე, აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია. 120 ათასმა ადამიანმა უკვე გაიკეთა აცრა, თუმცა ჩვენი სამიზნე არის მიმდინარე წელს 300 ათასამდე ადამიანის ვაქცინაცია ჩატარდეს, რომ ჩვენ შევძლოთ დაავადების ჩაქრობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წითელას ეპიდემიის ზღვარზეა“, – წითელას აცრებთან დაკავშირებით განცხადებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძეც აკეთებს.

„შეიძლება ითქვას, წითელა გვაქვს ქვეყანაში მოდებული, ეპიდემიის ზღვარზე ვართ, თუმცა იგივე ხდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ისეთ ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც წითელა საერთოდ დავიწყებული დაავადება იყო. წითელას არაფერი გააჩერებს, აცრების გარდა. დღეს წითელას ძალიან ბევრი შემთხვევაა წლამდე ასაკის ბავშვებში, იმიტომ, რომ დედები, რომლებიც მშობიარობენ თვითონ არ არიან იმუნურები და ამიტომ ეს ბავშვები ავად ხდებიან, სანამ მათ მოუწევთ აცრის ასაკი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო, რომლის მიზანიც იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.