LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wisp – ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაცია

872
ქავერიიი

გაეროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, ჟესტების ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 23 სექტემბერს ჟესტების ენის მსოფლიო დღე აღინიშნება. მართალია, ახლა დეკემბერია, მაგრამ ის სიახლე, რომლის გაზიარებაც „ფორტუნას“ აუდიტორიისთვის გვსურს, დროთა განმავლობაში 23 სექტემბერს სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისთვისაც ამ პირების საზოგადოებაში ადაპტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებულს გახდის. ჩვენ იმ ქართველი ახალგაზრდების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაცია შექმნეს და რომლებიც დროსა და ენერგიას არ იშურებენ, რომ მათი სტარტაპი Wisp მეტად განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს სარგებლის მომტანი.

ნუცა რევაზიშვილი, სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

– დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ქართული ჟესტების ენის დამოუკიდებლად შესწავლა გადავწყვიტე. სწორედ ამ გზაზე აღმოჩენილი პრობლემები გახდა პირველი ბიძგი მეგობრებთან ერთად ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაციის შექმნაზე დავფიქრებულიყავი. იქიდან გამომდინარე, რომ სტარტაპ ეკოსისტემით დიდი ხანია დაინტერესებულები ვართ, გადავწყვიტეთ, ბედი გვეცადა და ჩვენი იდეა შშმ პირების საჭიროებებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჰაკათონზე გაგვეტანა. ჩვენდა გასაკვირად, მოწონება დავიმსახურეთ, მივიღეთ უსაზღვროდ დიდი ინფორმაცია და გადავწყვიტეთ, ეს ჯადოსნური მისია გაგვეგრძელებინა.

Wisp იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებთან ერთად მუშაობაც ერთი დიდი თავგადასავალია. თითოეულ მათგანს იმდენად განსაკუთრებული ხედვა და თვისებები აქვს, რომ ერთმანეთს მუდმივად „ვაიძულებთ“ ჩარჩოს მიღმა გახედვას ან ახალი ჩარჩოს შექმნას. გუნდში ჩემ გარდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხუთი წევრია (ბექა ნაცვლიშვილი, ნელი ბობოხიძე, ნინი ბერიშვილი, ავთო მერებაშვილი, დათო ლობჟანიძე): ორი დეველოპერი, პროდუქტის მენეჯერი და ორიც UX/UI/გრაფიკოს-დიზაინერი.

– თქვენი სტარტაპის სახელი და აპლიკაციის მუშაობის პრინციპი განგვიმარტეთ.

– Wisp გამოგონილი, ჯადოსნური სამყაროს პატარა მანათობელი არსებაა, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში მაშინ ჩნდება, როცა ისინი იკარგებიან და არ იციან, როგორ განაგრძონ გზა. „ვისპი“ დაკარგულთა გზამკვლევია. ჩვენი აპლიკაცია სწორედ იმ ჯადოსნურ სამყაროზე იქნება დაფუძნებული, სადაც მეგზურობას „ვისპი“ გაგიწევთ. აპლიკაცია გამორჩეული იქნება თავისი ინტერაქტიური და ანიმაციური სახის დავალებებით, რომელთა დახმარებით სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანები ინფორმაციას მარტივად აითვისებენ და წერა-კითხვასთან ერთად ჟესტების ენასაც დაეუფლებიან. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ჟესტების ენების შესახებ ცოდნის მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია სმენის პრობლემის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც.

აპლიკაცია ჯერჯერობით მზადების პროცესშია. ნაბიჯ-ნაბიჯ ვავითარებთ დიზაინს, სისტემას და ა.შ. ამასთან, კარგად ვაანალიზებთ თითოეულ ქმედებას, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღირებულია ის ყველაფერი, რასაც იმ მომენტში ვფიქრობთ და ვაკეთებთ. ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ბეტა ვერსია მალე წარმოვადგინოთ. პარალელურად ვესაუბრებით პოტენციურ მომხმარებლებს და გულისყურით ვისმენთ მათ მიერ ჩვენთვის გაზიარებულ თითოეულ სიტყვას. ცხადია, აპლიკაციის სრულყოფისთვის გარკვეული გრანტები და ინვესტიციები დაგვჭირდება.

– ჰაკათონში მონაწილეობა ახსენეთ, თქვენი გუნდის სხვა წარმატებების შესახებაც მოგვიყევით.

– კასპის ტექნოპარკში ჩატარებულ ჰაკათონში გამარჯვების შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობამ ჩვენი პროექტის დაფინანსების სურვილი გამოთქვა, შედეგად, 5 თვის განმავლობაში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიასთან Start Solutions-თან ვთანამშრომლობდით. შემდეგ იყო მედიალაბის „იდეადრომი“, რომელმაც ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა. ეს ის მოგონებაა, რომელიც პირადად მე არასოდეს დამავიწყდება.

ამჟამად Impact Hub Tbilisi-ს პრეაქსელერაციის პროგრამის მონაწილეები ვართ. ცოტა ხნის წინ წარმატებით გადავლახეთ შიდა შესარჩევი საფეხურიც. როგორც დამწყებ სტარტაპერებს, სესიებს საოცარი ადამიანები გვიტარებენ, გვიზიარებენ საკუთარი წარმატებისა, თუ შეცდომების ისტორიებს და ყოველ წამს მზად არიან, ნებისმიერ კითხვაზე პასუხების მოძიებაში მთელი გულით დაგვეხმარონ.

– სულ მალე, 2024 წლის იანვარში, Impact Hub Tbilisi-ის აქსელერატორის მონაწილე ცხრა შერჩეული გუნდი ტალინში გაემგზავრება და Startup Wise Guys-ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრება. ამ ცხრა გუნდიდან ერთ-ერთი Wisp-ია. როგორი მოლოდინი გაქვთ?

– ეს ჩვენთვის პირველი საერთაშორისო ბუთქემფის გამოცდილება იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოს გარეთაც მივაწვდინოთ ხმა სტარტაპ ეკოსისტემას. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება იმ ფუნდამენტური ცოდნის მიღება და სხვადასხვა საკითხის განსხვავებული კულტურისა და გამოცდილების მქონე ექსპერტებთან განხილვა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ძალიან გაგვზრდის, ალბათ, შეგვცვლის კიდეც და ჩვენს სტარტაპს სულ სხვა თვალით დაგვანახვებს.

– როგორ წარმოგიდგენიათ Wisp-ის მომავალი?

– მას გლობალურ სტარტაპად ქცევის პოტენციალი აქვს, რადგან მხოლოდ ქართულით არ შემოვიფარგლებით და ეტაპობრივად სხვა ჟესტების ენებსაც დავამატებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის 300-ზე მეტი ჟესტების ენა არსებობს. ჩვენი მიზანია, ნელ-ნელა ამოვავსოთ ის ნაპრალი, რაც სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებსა და საზოგადოებას შორის არსებობს. სამწუხაროდ, ჟესტების ენის მიმართ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალია. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მსოფლიოში ჟესტების ენით მოსარგებლე 72 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა დაახლოებით 40%-მა საერთოდ არ იცის წერა-კითხვა (საქართველოში ამ თემის 90%-მა არ იცის წერა-კითხვა) ან თუ იციან, მაქსიმუმ მე-3 კლასელის დონეს აღწევენ. სმენის სრული დარღვევის მქონე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უმაღლეს აკადემიურ წარმატებას აღწევენ, ძალიან მცირეა. სწორედ ეს მაჩვენებლები შთაგვაგონებს, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და ჩვენი აპლიკაციით სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს განვითარების ერთ-ერთი შესაძლებლობა შევუქმნათ. იმისთვის, რომ აპლიკაცია მეტად ინტერაქტიური,  მრავალმხრივ გამოყენებადი და დღევანდელ სამყაროზე მორგებული გავხადოთ, უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასაც დავიწყებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები