LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

84

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც სოფელ ცაიშში გუშინ ჩატარდა, მმართველი გუნდის კანდიდატმა, თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა.

არჩევნებში რეგისტრირებული 2 819 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 1 337-მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 47,43%-ია. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ სამივე უბანზე სულ 840 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 63, 7%-ს შეადგენს.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, გოდერძი კუკავას 442-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 33,5%-ია. რაც შეეხება „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატს ბაჩუკი ნარუშვილს, მას ხმა 37-მა ადამიანმა მისცა.

ცაიშში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, სულ სამივე უბანზე 18 ბიულეტენი გაბათილდა. მისივე თქმით, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მუშაობამ ნორმალური შედეგი აჩვენა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ცესკო მიიღებს.

არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები