წინასწარი კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ამ ეტაპზე კვლევების რეცენზირებამდელ სერვერზე, medRxiv-ზეა განთავსებული, „სინოფარმის“ ვაქცინა კორონავირუსის დელტა შტამის მიმართ საკმაოდ ეფექტურია.
კვლევის მიხედვით, რომელიც შრი-ლანკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მკვლევართა ჩართულობით ჩატარდა დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან ეფექტიანია ვირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში დომინანტ შტამს წარმოადგენს.
,,ვაქცინით მიღებული იმუნური პასუხი ისეთივეა, როგორიც ბუნებრივი, ინფექციის გადატანის შემდეგ“, — აღნიშნულია მკვლევართა განცხადებაში.
კვლევა უჩვენებს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ აცრილთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც უფიქსირდებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს.
გარდა ამისა, გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინირებულთა 81,25%-ს წარმოემქნა. საერთო ჯამში 20-დან 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98%-ს, ხოლო 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში 93%-ს განუვითარდა.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის მიერ დელტა შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონე მხოლოდ 1,38-ჯერ არის შემცირებული იმ დონესთან შედარებით, რაც ვაქცინით აცრის შემდეგ კორონავირუსის ვუჰანური, ალფა შტამის წინააღმდეგ წარმოიშობოდა, ეს კი მნიშვნელოვანი და საგანგაშო ნიშნული არ არის.