პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებით, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე საფრთხეების დაზღვევისთვის, კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები, რაც სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს.
„ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროგრამების განხორციელება. განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფების ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა მდინარისა და ხევის გასუფთავებას, 4 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟს, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სადაზღვევო პროგრამების დანერგვაც, რათა სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი შევამციროთ მინიმუმამდე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ, “ – განაცხადა ბახტაძემ.