წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.
ამ წესის დარღვევაზე, ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2 000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში, 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა და, შესაძლოა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.
სამინისტროს მითითებით, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში მოპოვებისა და იმპორტირების გზით არის შესაძლებელი. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციისას, რეალიზატორმა ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.
თუ წიწვოვანი მცენარე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეშია მოპოვებული, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის ადგილწარმოშობის ცნობაა საჭირო. აღნიშნულ ცნობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.
პარალელურად, გრძელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანია – „ნუ მოჭრი ნაძვს“, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას – სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.