ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ცნობით,ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მეტია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მეტი 2021 წლის იანვართან შედარებით.
ISET-ის ცნობით, ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა. თუმცა, წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინდექსის ყველა ინგრედიენტზე: კარაქი (23%), ყველი (16%), საფუარი (15%), რძე (10%).
კვლევითი ცენტრის შეფასებით, ფასების წლიური ზრდის მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებში უნდა ვეძებოთ, რადგან FAO-ის მონაცემებით, სურსათის ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ISET შესაბამის კვლევას ყოველთვიურად აქვეყნებს და ამისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონების აგრარულ ბაზრებში პროდუქციის ფასებს იკვლევს.
ცნობისთვის, ISET-ის კვლევითი ცენტრი 2011 წლის მაისში თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე გაიხსნა და ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევებსა და ტრენინგებს.