LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების მეთოდოლოგია დაინერგება

73

უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„რეფორმების მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი – ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ მათთან ერთად შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი და ასევე, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიაღის სექტორის რეფორმა. შემიძლია შევეხო იმ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სახელმწიფოს შეუძლია და ძალიან მალე, ვფიქრობთ, რომ უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის წიაღის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფასური. ერთ ჰექტარზე – 500 ლარს ვახდევინებთ ჩვენ კომპანიას, რომელმაც უნდა მოიძიოს გარკვეული უბანი. პრაქტიკულად, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს კონკრეტული უბანი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და მნიშვნელოვნად შემცირდება საფასური იმისთვის, რომ მოხდეს კომპანიების სტიმულირება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაინერგოს წიაღისეულის მოძიების სწორი მეთოდოლოგია, სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს და რისი გამოყენება შეუძლია კერძო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაინერგოს უკვე დაძიებული მარაგის სწორად გამოყენების მეთოდოლოგია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ, მაგალითად, ქვის საბადოზე წახალისებული იქნება სწორი ტექნოლოგია და იქ მოხდება არა აფეთქებით, არამედ სწორი დაჭრით ქვის ამოღება, დამატებით ღირებულება ამ საბადოზე გაცილებით მეტი შეიქმნება და საბადოც არ დაზიანდება. „ეს იქნება სწორი და არა ის, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ერთჯერადად ააფეთქოს, კლდე მოხსნას და შესაბამისად ამით დაამთავროს ყველაფერი. აქ ტექნოლოგიურად ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ის მეთოდოლოგიაა დასანერგი, ლიცეზიის გაცემის დროს ლიცენზიას გაყვეს დამუშავების მეთოდოლოგიაც. ეს წაახალისებს ტექნოლოგიურ განახლებას და ახალ ინვესტიციებს დარგში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები