LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი – Fitch

82
ekonomika

Fitch-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი – წელს ვარაუდობენ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის Fitch-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის; მომავალ წელს 5.8%-ს, ანუ თითქმის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა, პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა და სირთულეებისა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობის მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი,  ბიზნესის გარემოს მიმზიდველობის ხარისხი და მიუხედავად პანდემიისა, უცვლელი დატოვონ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი.

ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ  ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა, რაც გასაგებია გლობალური პანდემიის ფონზე. თუმცა, საქართველო ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ერთერთი გამონაკლისი ქვეყანაა.

მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს დიდი სანდოობის ხარისხს ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ. ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ და ეკონომიკა დადებითად განვითარდება.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რათა განავითარონ თავისი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც  დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები